ახალი წელი
გამარჯობათ! მოდით ახლა ვისაუბროთ ახალ წელზე. მგონი ყველას უყვარს ეს დღესასწაული ამიტომაც ჯერ ამ დღესასწაულით დავიწყოთ!
ახალი წელი — დღესასწაული მრავალ კულტურაში ადგილობრივად მიღებული კალენდრის მიხედვით, რომელიც დგება წლის ბოლო დღიდან მომავალი წლის პირველ დღეზე გადასვლის მომენტში. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ახალი წელი დგება პირველ იანვარს.
თბილისში საინტერესო საახალწლო ტრადიციები არსებობდა. დღესასწაული სახალხო მხიარულებითა და სეირნობებით, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნებოდა – ეს ასეa დღესაც. თუმცა დროთა განმავლობაში გაქრა რამოდენიმე წეს-ჩვეულება. ძველად, თბილისის მაცხოვრებლები ახალი წლის ღამეს სახლის კარებს ღიას ტოვებდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ ამ დროს შეიძლებოდა ბედნიერებას ჩამოევლო და თუ კარი დაკეტილი დახვდებოდა, ბედნიერება სახლს გვერდს აუვლიდა. განსაკუთრებული რიტუალი უკავშირდებოდა საახალწლო სუფრასაც – ტაბლას. ტკბილეულითა და ხილით დამშვენებული ტაბლის ოთხივე კუთხეში დიასახლისი საკუთარი ხელით ჩამოსხმულ სანთლებს ანთებდა. ახალი წლის შემობრძანებასთან ერთად ოჯახის უფროსი ტაბლით ხელში მთელს სახლს შემოუვლიდა. მოზეიმეებს სწამდათ, რომ ამ დროს მას თან მფარველი ანგელოზი დაჰყვებოდა, რომელსაც ოჯახისათვის კეთილდღეობა და ბარაქა მოჰქონდა. დრო გადის, ტრადიციები იცვლება და ახალ ჩვეულებებს ეყრება საფუძველი. მაგრამ ამის მიუხედავად, არ იცვლება ყველაზე მთავარი – ახალი წელი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია. მთავარია მას ღიმილით შევეგებოთ, რადგან ერთი ტრადიცია ნამდვილად უცვლელია და ყველა ადამიანს აერთიანებს – ესაა რწმენა იმისა, რომ ახალი წელიწადი ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულებას დაუდებს დასაბამს. საახალწლო ტრადიციები საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია - მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს. ახალ წელს საქართველოში ხშირად ,,ბასილის დღეს” უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. საახალწლოდ ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური ე.წ. ,,ბასილას კვერები.” ახალი წლის ისტორიასაქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. შემორჩენილი ცნობების მიხედვით, IV სუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ. VII საუკუნიდან აგვისტოს სექტემბერი ჩაენაცვლა. IX ასწლეულის 20-იანი წლებიდან ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან-მარტიდან იწყება. იანვარში ახალი წლის დღესასწაული, საბოლოოდ, XIV საუკუნეში დამკვიდრდა. იანვარში დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციასთან ერთად ფეხს იკიდებს უამრავი წეს-ჩვეულება ალილოს ისტორიასაქართველოს ყველა კუთხეში შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე განსაკუთრებული განწყობა იგრძნობოდა. წირვის დასრულების შემდეგ, მგალობლები თითოული ჭიშკრის წინ ჩერდებოდნენ და ყველას ქრისტეშობას ულოცავდნენ. მათ თან დაჰქონდათ კალათები, რომლებსაც მოსახლეობა პროდუქტებით, ტკბილეულითა და სხვადასხვა ნივთებით ავსებდა. ალილოს მონაწილეთა მსვლელობა დიდხანს გრძელდებოდა, თუმცა მისი კულმინაცია შეგროვილი შესაწირის გაჭირვებული ოჯახებისთვის გადაცემა იყო. სწორედ ქველმოქმედება დაედო საფუძვლად ალილოს ტრადიციას. ალილო საშობაო საგალობელია ალილო ქართული საგალობელია, რომელიც შობის წინა ღამეს სრულდება. სწორედ საგალობლის სახელწოდება დაედო საფუძვლად საქართველოში საუკუნეების წინ დამკვიდრებულ საშობაო ტრადიციას. ეს ტრადიცია საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა - შობა დღეს ხალხი კარდაკარ დადიოდა და შესაწირს აგროვებდა, რომელსაც შემდეგ გაჭირვებულებს გადასცემდა. წლიდან წლამდე, საუკუნეების მანძილზე საქართველოში ალილოს მტკიცედ იცავდნენ ალილო დღესXX საუკუნეში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, რამოდენიმე ათეული წლის მანძილზე, ალილოს ტრადიცია დავიწყებას მიეცა, თუმცა 1990 – იან წლებში იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II_ის მიერ აღორძინდა. აქედან მოყოლებული ყოველი წლის შობა დღეს, სადღესასწაულო ლიტურგიის დამთავრების შემდეგ, სხვადასხვა ეკლესიის მრევლი გალობით უერთდება ალილოს საზეიმო მსვლელობას შეუერთდი ალილოსალილოს საზეიმო პროცესიას წინ სამღვდელოება მიუძღვის და შობის ხატს, საწინამძღვრო ჯვრებს და დროშებს მიაბრძანებს. მათ მგალობლები და მორწმუნეები მიჰყვებიან და გზადაგაზა შესაწირს აგროვებენ. გალობით მიმავალ მრევლს გზადაგზა გამვლელებიც უერთდებიან. დიდი თუ პატარა საერთო სიხარულის მონაწილე ხდება. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში სრულდება, სადაც შეკრებილ მრევლს შობის დღესასწაულს კათოლიკოს-პატრიარქი ულოცავს და ლოცვას აღავლენს.ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეუერთდეს ალილოს საზეიმო მსვლელობას – ეს მართლაც დაუვიწყარი და შთამბეჭდავი სანახაობაა.
შობა
7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვზეიმობთ.
შობა, ეს უდიდესი მოვლენაა, დღესასწაულთა დღესასწაული. იესო ქრისტე ქალაქ ბეთლემში ერთ პატარა გამოქვაბულში იშვა. პირველად მაცხოვრის შობა წარმართ მოგვებზე გაცხადდა. სწორედ მათ შეამჩნიეს ცაზე აღმოსავლეთის ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებულად კაშკაშებდა და მოესმათ ზეციური ხმა: "ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”. ეს იმის ნიშანი იყო, რომ გამოქვაბულში იშვა მხსნელი.
მოგვებმა გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ ახალშობილ იესოსთან და თაყვანი ეცათ მისთვის. შობის დღეს, მას მიართვეს სამი საჩუქარი: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო როგორც მეფეს, გუნდრუკი როგორც ღმერთს და მური როგორც ადამიანს.
ყოველ შობის დღესასწაულზე, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დგება ლიტანიობა და მისივე ლოცვა-კურთხევით თითოეული მორწმუნე ადამიანი შობის ღამეს სარკმელთან სანთელს უნდა ანთებდეს და მიდგომილ ღვთისმშობელს სახლში უნდა იხმობდეს.
მარიამობა
ყოვლადწმინდა მარიამის მიძინების დღესასწაულს ორკვირიანი მარხვა უძღვის წინ. ამ დღესასწაულს მორწმუნე ადამიანები სულიერად გაწმენდილები უნდა შეხვდნენ. მარხვა ცოდვებისგან თავის შეკავებას ნიშნავს. ყველა მარხვა იოლი შესანახია, თუ ადამიანი რწმენაშია.
მარიამობის დღესასწაული ღამისთევით აღინიშნება ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. საერთოდ, ეკლესიაში მსახურება ღამისთევით უნდა ტარდებოდეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ასევე იმ წმინდანის ხსენების დღეს, რომელი წმინდანის სახელობისაც არის ტაძარი. დანარჩენ დღეებში ღამისთევა აუცილებელი არ არის.
მარიამობის დღესასწაულს ყველა განსხვავებულად აღნიშნავს. როგორც წესი, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღესასწაულისთვის მარხვით ემზადებიან, შემდეგ კი საღვთო ლიტურღიას ესწრებიან და ეზიარებიან.არაეკლესიური ადამიანები ამ დღეს სხვადასხვაგვარად ხვდებიან, დღესასწაულის მიმართ პატივისცემას თავისებურად გამოხატავენ. რეგიონებში ზოგან მარიამობას დღეობა ჰქვია, ზოგან დღესასწაული და ხალხი ეკლესიაში შესაწირით მიდის.
არის თუ არა ხალხური ტრადიციები ქრისტიანული, ამ თემაზე "ამბიონს” თბილისის მაცხოვრის შობის სახელობის ზედა ბეთლემის ტაძრის იღუმენი მამა კირიონი (ზურაბ ზეინკლიშვილი) ესაუბრა."ტრადიციები არის ქრისტიანული და ხალხური. ტრადიციები მახინჯდება იქ, სადაც არ არის მოძღვარი, რათა მან ასწავლოს ადამიანს, თუ როგორ უნდა მოიქცეს.როცა ეკლესიებს დევნიდნენ, ხალხს ქრისტიანული დღესასწაული მეხსიერებაში ჰქონდა შემორჩენილი და თავისებურად აღნიშნავდა. დროთა განმავლობაში ეს რიტუალები გაუფერულდა და თავის საწყისს ძალიან დაშორდა. ადამიანმა იცის, რომ ამა თუ იმ დღეს არის დღესასწაული, მაგრამ არ იცის, თუ როგორ უნდა აღნიშნოს. წარმართობას უბრუნდება და სისხლიან მსხვერპლს წირავს სალოცავში. საკლავი იკვლება და ადამიანებს ჰგონიათ, რომ ამით დიდი ქრისტიანული ვალი მოიხადეს. არადა, ეს ასე არ არის. უფალს ადამიანის სული და გული სჭირდება. მსხვერპლშეწირვა საჭირო არ არის, მით უფრო ქრისტეს შემდეგ, როდესაც მან თავისი თავი შეწირა მსხვერპლად და ადამიანები გამოიხსნა. ქრისტიანობაში სისხლიანი მსხვერპლი სასტიკად აკრძალულია. მოციქულებს კანონში უწერიათ: ვისაც ჰგონია, რომ საკლავის სისხლით გამოიხსნის საკუთარ ან წინაპართა ცოდვებს, დაწყევლი იქნეს.
თუ ადამიანს რამის შეწირვა სურს, სჯობს, ცოცხლად შესწიროს და არ დაკლას. მთავარი კი სინანული და ლოცვაა. ადამიანი ეკლესიაში უნდა შევიდეს, წრფელი გულით ილოცოს და უფალს თავისი ცოდვების შენდობა სთხოვოს. ვინც ამას გულით ითხოვს, უფალი მას ყველაფერში დაეხმარება. ამქვეყნად ქრისტიანის ფუნქცია მარადიული ცხოვრებისათვის მზადებაა. ადამიანი, რომელიც ცოდვების მიტევებაზე ფიქრობს, ის უფლის შვილია”.
გიორგობა
ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს : 23 აპრილს (6 მაისს) – წმიდანის აღსრულების დღეს და 10 (23) ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.
გიორგობის დღესასწაულის და წმიდა გიორგის ღვაწლის შესახებ "ამბიონს” სიონის ტაძრის დეკანოზი მამა გიორგი სანამაშვილი ესაუბრა.
მამა გიორგი: "წმიდა მთავარმოწამე გიორგი მოღვაწეობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, მესამე საუკუნის ბოლოს და მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში.
წმიდა გიორგის ეპოქა შეეჯახება ორ დიდ სარწმუნოებას, კერძოდ, კერპთაყვანისცემლობას და მართლმადიდებლობას, რა დროსაც მოწამეს უხდება აღიაროს საჯაროდ ქრისტე, რომლის გამოც არაერთ განსაცდელს შეამთხვევენ მას.
დიდმოწამე გიორგი რომის არმიაში წარჩინებული მხედართმთავარია, დიდი ავტორიტეტის და გავლენის მქონე. დიოკლიტიანე მას დამატებით სამეფოს ნახევარს სთავაზობს, ოღონდ გიორგიმ დათმოს მისი სარწმუნოება – ქრისტე.
რისთვისაც მოწამე, გიორგი პასუხობს: "ჩვემთვის ცხოვრებაა ქრისტე და სიკვდილი შესაძინელ”. ანუ მოწამემ უშიშრად აღიარა ჭეშმარიტება და თქვა, რომ ქრისტიანობა მისი ცხოვრების წესია, რომ უნდა განაშოროს იგი ქრისტეს სარწმუნოებას, როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს: "რამ განმაშოროს ქრისტეს ჭირმან, ანუ იწროებამან, შიშმან ანუ დევნულებამან,”და ახოვანმა მოღვაწემ თავი მიუშვირა ჯალათის მახვილს.
არაერთი წამების მოწმე გახდა წმიდანი, ხან ურმის თვალზე დააკრეს, ხან გავარვარებულ კირის ღუმელში მოათავსეს, ხან რკინის ჩექმები ჩააცვეს, რომელშიც წვერწამახვილებული ლურსმნები იყო დამაგრებული, რათა დაჩხვლეტოდა ფეხები და ისე არბენინეს. მაგრამ ყოველი წამების დროს წმინდანს თავად ქრისტე აძლიერებდა და სასწაულებრივად განკურნავდა.
დიოკლეტიანეს უმთავრესმა ქურუმმა გრძნეულმა ხერხს მიმართა და მეფე დიოკლეტიანეს სთხოვა ებრძანებინა წმინდანისათვის მკვდრის გაცოცხლება, წმიდანმა კი ქრისტესადმი ლოცვით აღადგინა მკვდარი.
მოგეხსენებათ, რომ წმიდა გიორგის მთელი მსოფლიო სცემს თაყვანს მაგრამ წლის განმავლობაში 23 ნოემბერს და 6 მაისს (თარიღები ნაჩვენებია ახალი სტილით) მხოლოდ საქართველოს მართლამდიდებლური ეკლესია აღნიშნავს.
ეს მეტყველებს იმაზეც, რომ საქართველოში წმინდანს განსაკუთრებით სცემენ თაყვანს.
23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმიდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი მისი თავის კვეთას მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს. საქართველოში რომ განსაკუთრებულად დიდ პატივს მიაგებენ წმინდანს ეს XVIII საუკუნის ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებიდანაც ჩანს. "არა არს საქართველოში არცა მთანი და არცა მაღალნი ბორცვნი სადაცა არ იყოს ტაძარნი ანუ ნიშანი წმიდისა გივარგისანი”.”
გვიამბეთ ამბავი წმიდა გიორგის შეწევნის შესახებ…
წმიდანის წამების შემდეგ, როდესაც მან სული უფალს შეავედრა, ერთ ქალაქში, რომელსაც ლასია ეწოდებოდა, მეფობდა სელინოსი, რომელიც იყო უკეთური, კერპთმსახური, ულმობელი ქრისტიანების მიმართ. მეფე სელინოსს მშვენიერი ასული ჰყავდა.
ქალაქს პატარა ტბა ჰქონდა. ტბის მახლობლად ურჩხული ბინადრობდა, მეფემ მოიწვია ქალაქის მთავრები და ხალხთან კრება გამართა. გადაწყვიტეს, ყოველწელიწადს თითო ოჯახიდან ასული მიეცათ ურჩხულისათვის და ასეც მოხდა. მრავალმა ადამიანმა გაიმეტა მისი ერთადერთი ასული ურჩხულისათვის, რომ მას ქალაქი არ დაენგრია. ბოლოს მეფის ასულზეც მიდგა ჯერი და როდესაც შეწუხებულმა მეფემ ტირილით გააცილა ტბისკენ მისი მშვენიერი ასული, რათა ურჩხული დაუფლებოდა მას, ტბიდან თეთრი ცხენოსანი ჭაბუკი გამოვიდა ლამაზად აღკაზმული მხედარი, რომელსაც თოკით შეკრული ურჩხული წყლიდან გამოყვა და ჭაბუკმა თოკი ასულს გაუწოდა რათა დამარცხებული ურჩხული თავად ასულს მიეყვანა ქალაქში, ხალხის საჩვენებლად და ჭაბუკი გაუჩინარდა. როდესაც მეფემ დაინახა ქალიშვილი დამარცხებულ ურჩხულთან ერთად გაოცებამ შეიპყრო იგი და მთელი ქალაქი. ხოლო როდესაც დაიწყეს ძებნა იმ ახოვანი ჭაბუკისა, რომელსაც ეს დიდი გმირობა ჩაედინა, მაშინ ერთ-ერთ ქრისტიანული ტაძრის ფრესკაზე ამოიცნეს ის ჭაბუკი, წმიდა გიორგი.
სად ინახება წმიდა გიორგის წმინდა ნაწილები?
წმიდა გიორგის წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქალაქში არის შემონახული, მაგრამ მუხლის ნაწილი წლების განმავლობაში ინახებოდა სიონის საპატრიარქო ტაძარში, ხოლო როდესაც წმინდა სამების საკათედრო ტაძარი იკურთხა, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით მუხლის ნაწილი სამებაში იქნა დაბრძანებული. საგულისხმოა წმინდა გიორგის უკანასკნელი ლოცვა ქრისტესადმი, იგივე თხოვნა და ანდერძი, სადაც ის მაცხოვარს თხოვს: "შემხებელი ჩემს ნაწილზე, სარწმუნოებით განკურნე და თითოეული ნაწილი ძვლისა ჩემისანი ჰკურნავდეს სარწმუნოებით შემხებელ სნეულს”. და ეს მართლაც, რომ ასე ხდება. მრავალი ადამიანი განკურნებულა წმინდანის ნაწილთა შეხებით.
ღმერთმა წმიდა გიორგის მეოხებით დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო ამინ!
წმინდა წინასწარმეტყველი ზაქარია და წმინდა მართალი ელისაბედი – წმინდა იოანე ნათლისმცემლის მშობლები (I)
წმინდა ელისაბედი და წმინდა ზაქარია
ტროპარი: მღუდელობისა სამკაულითა ბრწყინვალედ გარეშერტყმულმან, ჰსჯულისაებრ ყოვლად-დასაწველნი შეწყნარებულნი ღმრთისა მღუდელ შვენიერად შესწირენ ზაქარია, და იქმენ მნათობ და მხილველ საიდუმლოთა, და მოსწავებათა მადლისათა შენ შორის მქონებელად გამოსჩნდი ყოვლად-ბრძენო, და მახვილითა მოიკალ ტაძარსა შინა ღმრთისასა, ქრისტეს წინასწარ-მეტყველო, წინა-მორბედისა თანა მეოხ-გვეყავ ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: დღეს წინასწარმეტყველმან და მღუდელმან უფლისამან, ზაქარია, მშობელმან წინა-მორბედისამან, წინა დაგვიგო ტარიგი წინასაწარ-მეტყველებისა, მორწმუნეთა გამომზრდელი, და სასმელი სიმართლისა ყოველთა გვიწდია, ამის-თვისცა იდიდა ვითარცა საღმრთოჲ მესაიდუმლე ღმრთისა მადლისა.
* * *
წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი, უფლის წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს მშობლები, აარონის მოდგმისანი იყვნენ: წმიდა ზაქარია, ბარაქიას ძე, იერუსალიმის ტაძარში მღვდელმსახურებდა. მართალი თანამეუღლენი „ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი" (ლკ. 1,6), მაგრამ უშვილობით იტანჯებოდნენ, რაც იმ ხანებში უფლის დიდ სასჯელად ითვლებოდა. ერთხელ, ტაძარში მსახურების დროს, წმიდა ზაქარიას ანგელოზმა აუწყა, რომ უკვე მხცოვანებას მიღწეული ელისაბედი უშობდა ძეს, რომელიც იქნებოდა „დიდ წინაშე უფლისა" (ლკ. 1,15) და „პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაჲსითა" (ლკ. 1,17). ზაქარია დაეჭვდა ამ წინასწარმეტყველების აღსრულების შესაძლებლობაში და მცირედმორწმუნეობისთვის უტყვებით დაისაჯა. როცა მართალმა ელისაბედმა ძე შვა, სულიწმიდის შეგონებით მას იოანე უწოდა, თუმცა მათ მოდგმაში ეს სახელი არავის რქმევია. ახალშობილის მამას რომ დაეკითხნენ, მან ფიცარი მოითხოვა და ზედ იგივე სახელი წააწერა. ამის შემდეგ „მეყსეულად აღეღო პირი მისი და ენაჲ და იტყოდა და აკურთხებდა ღმერთსა" (ლკ. 1,64). სულიწმიდის მადლით აღვსილი, იგი წინასწარმეტყველებდა თავის ძეზე, როგორც უფლის წინამორბედზე.
როცა უსჯულო ჰეროდემ მოგვებისგან შეიტყო მესიის შობის შესახებ, გადაწყვიტა, ბეთლემსა და მის შემოგარენში ამოეჟლიტა ყველა წული „ორით წლითგანი და უდარესი" (მთ. 2,16). ჰეროდემ კარგად უწყოდა იოანე წინასწარმეტყველის საკვირველი შობის შესახებ და მისი მოკვლაც სურდა. მართალი ელისაბედი ჩვილთან ერთად მთებში გაიხიზნა. მკვლელები ყველგან დაეძებდნენ მათ. როცა ელისაბედმა მდევრები შენიშნა, ცრემლებით შესთხოვა უფალს, შესწეოდა. უეცრად მთა გაიპო და დედა-შვილი შეიფარა. ამ ავბედით ჟამს ზაქარია იერუსალიმის ტაძარს არ განშორებია. ჰეროდეს გამოგზავნილი მეომრები დიდხანს ამაოდ ეცადნენ, იოანეს ადგილსამყოფელი შეეტყოთ მისგან, რის შემდეგაც ჰეროდეს ბრძანებით განგმირეს იგი „შორის ტაძრისა და საკურთხეველისა" (მთ. 23,35). მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.
წმიდა სალომე ქართველი
სპარსთაგან წამებული (XIIIს.)
ხსენება 20 ივლისი (2 აგვისტო)
სავარაუდოდ, წმინდა სალომე ქართველი იერუსალიმის დედათა სავანეში მოღვაწეობდა. მის შესახებ ცნობას გვაწვდის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვინაქსარი, სადაც ნათქვამია, რომ 20 ივლისს ასევე ეწამა სალომე ქართველი, რომელიც თავიდან ცდუნდა სპარსთაგან და უარყო ქრისტე, მაგრამ შემდგომ შეინანა, აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება და ეწამა კიდეც ქრისტესთვის. მას თავი მოკვეთეს, რის შემდეგაც მისი სხეული დაწვეს.
სალომე უჯარმელის სახელობის დღე
წმიდა სალომე უჯარმელის სახელობის დღე 28 იანვარი
წმიდა სალომე უჯარმელი, ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს) უახლოესი თანაშემწე იყო. მან წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანა ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.
სალომე უჯარმელი მირიან მეფის (ხს. 1 ოქტომბერს) ვაჟის, რევის ცოლი იყო. მან დედოფლის პატივთან ერთად „ტყვე ქალის" - წმიდა ნინოს მსახურებაც იტვირთა და მუდამ იწვრთნებოდა წმიდა ნინოსაგან ლოცვით, მარხვითა და სხვა კეთილი საქმეებით.
ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა.
ღვთის განგებით, წმიდა ნინო დაბა ბოდინში (ბოდბე) დასნეულდა. ავადმყოფთან სასწრაფოდ შეიკრიბნენ მისი სიწმიდის თაყვანისმცმემლები, რომელთა შორისაც იყვნენ სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელიც.
წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაწერეს ქართველთა განმანათლებლის წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ცხოვრება. მათ ხსნებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს 15 იანვარს (ახ. სტ. 28 იანვარს), წმიდა ნინოს ხსენების მომდევნო დღეს.
ნინოობა
"მოქცევაი ქართლისაი”
ნინოობა ქართველი ერისათვის უდიდესი დღესასწაულია, რადგან წმიდა ნინო ქართველთა განმანათლებელია. საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, როდესაც ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევითა და ვაზის ჯვრის ძალით წმიდა ნინო კაბადოკიელმა ქართლში იქადაგა.1-ლი ივნისი წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეა და ამ დღეს საქართველოში ნინოობა აღინიშნება...
კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის დის, სოსანას ერთადერთი ასული იყო.
როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ. ნინოს მამა ბოლოს ბერად აღკვეცილა, დედა კი გლახაკთა სამზრუნველოს მსახური გამხდარა. ნინო კი აღსაზრდელად მოხუც ქალს – სარა ნიაფორს მისცეს. იგი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში – საქართველოში. ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც მაცხოვარს თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა.
ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა ნინოს ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: "წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე შენი მფარველი ვიქნები”.
ამაზე ნინომ უპასუხა: "როგორ შემიძლია მე, სუსტ ქალს, რომ ასეთი დიდი სამსახური გავუწიო ქრისტეს და რით შემიძლია ვერწმუნო ასეთი ჩვენების ჭეშმარიტებას?”
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს და უთხრა: "მიიღე ჯვარი ესე ფარად და მფარველად ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა”.
გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეპყრა ხელთ. მან საკუთარი თმებით შეკრა იგი.
იერუსალიმიდან წამოსული ნინო იმპერატორ კონსტანტინე I-ის კარზე მოხვედრილა, სადაც დედოფალ ელენესა და სეფე-ქალებს ქრისტიანობას უქადაგებდა. ამის შემდეგ ნინო საქართველოში წამოსულა.
მცხეთაში, თავის სადგომში, სალოცავად აღუმართავს ვაზის ნასხლავისაგან გაკეთებული ჯვარი. თავისი ქადაგებებითა და სამკურნალო ხელოვნებით ნინოს ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღება და სიყვარული დაუმსახურებია. მას მეტსახელად "ტყვესაც” ეძახდნენ, როგორც უცხოელ, უთვისტომო ადამიანს. ნინოს წყალობით მცხეთაში ქრისტიანობას მრავალი მიმდევარი გასჩენია.
მცხეთაში მისვლიდან მეექვსე წელს ნინომ ქართლის დედოფალი ნანა გააქრისტიანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები. ამის შემდეგ ნინოს რჩევით მეფემ მოციქულები გაგზავნა იმპერატორ კონსტანტინესთან სამღვდელოების ჩამოსაყვანად, რათა ხალხი მოენათლათ და ეკურთხებინათ ახლად აგებული ეკლესია. ნინოს სამისიონერო მოღვაწეობა ქართლის სამეფოს სხვა კუთხეებშიც განუგრძია. ერისთავის, სამღვდელოებისა და ჯარის თანხლებით ნინო მთიანეთში ასულა და წილკნელები, ჭართლელები, ფხოველები და ერწო-თიანეთელებიც გაუქრისტიანებია. უკან დაბრუნებისას ნინო ავად გამხდარა და სოფელ ბოდინში (ახლანდელი ბოდბე) გარდაიცვალა. წმინდანის სურვილისამებრ მისი პატიოსანი გვამი ბოდბეში დაფლეს. შემდგომ მის საფლავზე მირიან მეფემ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო”.
ყოველწლიურად, 1 ივნისს ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან, სოფელ ფოკაში წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის აღსანიშნავად წირვა ტარდება. წირვის შემდეგ კი მორწმუნენი ფეხით იწყებენ მსვლელობას და გადიან იმ გზას, რომელიც წმინდა ნინომ ქართლის გასაქრისტიანებლად გაიარა. ამ მსვლელობას წმიდა ნინოს გზასაც უწოდებენ.
მამა კახაბერ შურღაია (წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური): "ნინოობა, წმიდა ნინოს ხსენება, ქართველი ერისა და საქართველოს ეკლესიისთვის უდიდესი დღესასწაულია, რადგანაც ის ქართველთა განმანათლებელია.
როდესაც ღვთისმშობელს საქართველოში ჭეშმარიტი სარწმუნოების, ქრისტიანობის ქადაგება წილად ხვდა, მაცხოვარი გამოეცხადა მას და ამცნო, რომ მოახლოებული იყო ჟამი, როცა წმიდა ქალწული მარიამი უფლის წინაშე უნდა წარმდგარიყო. სწორედ ამიტომ ქართლში ქადაგება სხვისთვის უნდა გადაებარებინა და ეს მისია ანდრია პირველწოდებულს ერგო. თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ ღვთისმშობელმა საქართველო მიატოვა, პირიქით, რადგან მას წილხვედრად ერგო, ამის შემდგომ წმიდა მარიამს არასოდეს მიუტოვებია საქართველო. ანდრია პირველწოდებულს თავისი ხელთუქმნელი ხატი გადასცა.