საახალწლო არდადეგები ბავშვებთან ერთად
რამდენიმე დღეში საქართველოს სკოლებში საახალწლო არდადეგები დაიწყება. ზოგ მშობელს ალბათ უკვე დაგეგმილი აქვს, როგორ გაატარებენ ამ დღეებს შვილებთან ერთად: ზამთრის კურორტზე, სოფელში, უცხოეთში და სხვა, თუმცა ხდება ისეც, რომ ბავშვების გაყვანას ვერსად ვახერხებთ. ამ პრობლემის მოგვარება გაცილებით მარტივია ზაფხულში, როდესაც ბავშვს ეზოში ჩასვლაც აკმაყოფილებს, ზამთრის თავისუფალი დღეების გადაგორება კი მომზადებას მოითხოვს.
მართალია, დასავლეთ საქართველოში დიდი თოვლი მოვიდა, თბილისში გათოვების შანსი ყოველთვის მინიმალურია, ამიტომ ბავშვების საგუნდაოდ, საციგაოდ და უბრალოდ თოვლში სასეირნოდ წაყვანის დაგეგმვა არ კმარა. ჯობს, უფრო პრაქტიკული სამოქმედო გეგმა გქონდეთ, რომლის დარღვევაც გათოვების შემთხვევაში დანაშაული ნამდვილად არ იქნება.
vixalisot.ucoz.com-ის საინტერესო სტატიების განყოფილებაში ნახავთ წერილს იმის შესახებ, თუ როგორ მორთოთ ორიგინალურად საახალწლო ნაძვის ხე. ამის გაკეთება ბავშვებთან ერთად შეგიძლიათ. მათი დახმარებით მოაგროვეთ საჭირო მასალაც და, საერთოდ - წინასაახალწლო სამზადისში პატარები აქტიურად ჩართეთ. მაგალითად, მათთან ერთად დაგეგმეთ საახალწლო მენიუ, თუ ბავშვი ძალიან პატარაა, ბაზარში ნუ გარისკავთ, მაგრამ ახლო მდებარე მაღაზიებშიც ერთად გაიარეთ. შეიძლება შვილმა ძალიან ორიგინალური კერძის იდეაც მოგაწოდოთ ან ყველაზე გემრიელი ჩურჩხელას შერჩევაში დაგეხმაროთ. ერთად გადაწყვიტეთ სუფრის გაწყობის დიზაინიც, დაიხმარეთ სადღესასწაულო ჭურჭლის გადარჩევაში. ეს ფუსფუსი არა მხოლოდ სწავლისგან თავისუფალ დროს შეავსებინებს, არამედ ოჯახის სრულფასოვან წევრადაც აგრძნობინებს თავს, რაც თვითშეფასებასაც აუმაღლებს.
კითხვა - კლასგარეშე საკითხავისთვის ეს შესანიშნავი პერიოდია. ბავშვის ყურადღებას არც ეზოში მოთამაშე თანატოლების ჟრიამული გაფანტავს და არც სხვა აქტიურ გასართობზე ფიქრი (ველოსიპედით სეირნობა, ფეხბურთი და სხვა). შეუქმენით მყუდრო გარემო, შეურჩიეთ მოხერხებული სავარძელი და, რაც მთავარია, კარგი საკითხავი. ზამთარი ზოგჯერ ისეთი მოსაწყენია, შეიძლება ყველაზე სქელი წიგნიც კი წააკითხოს.
ზამთარში ჰაერი განსაკუთრებით სუფთაა. ექიმები გვირჩევენ, ხშირად გავიდეთ გარეთ, ვისეირნოთ, რაც ბავშვებისთვისაც სასურველია. ცხადია, ასეთ დროს ფრთხილადაც უნდა იყოთ, რადგან ზამთარში ვირუსებისაც უნდა გვეშინოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ცივ ამინდში სეირნობა ორგანიზმს აკაჟებს, რასაც ბავშვი მცირე ასაკიდანვე უნდა მივაჩვიოთ.
რამდენიმე დღეში საქართველოს ქალაქებში ნაძვის ხეებს აღმართავენ, რასაც ახალ წელთან დაკავშირებული ღონისძიებების სერიაც მოჰყვება. გაიმართება საბავშვო კონცერტები, იმუშავებს ცირკი, ზოოპარკი, მთაწმინდის პარკი და ა.შ.
არ დაგავიწყდეთ, რომ საახალწლო არდადეგებისას ღიაა მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, ამრიგად რამდენიმე კულტურული მსვლელობის მოწყობას წინ არაფერი უდგას.
თუ ბავშვი თოვლით გართობას მოისურვებს, მაგრამ თბილისი საჰარასავით მშრალი იქნება, გამოსავალი მაინც არსებობს: ადით წყნეთში, კოჯორში და და სხვა ახლომდებარე სოფლებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტიც დადის და გზაც უსაფრთხოა. აქ მთელი დღის გატარებაც შეგიძლიათ და, გარდა იმისა, რომ ბავშვები თოვლში გაერთობიან, სუფთა ჰაერსაც ჩაყლაპავენ და მცირე ექსკურსიაც გამოგივათ.
თუ გარეთ ძალიან ცივა და გასვლას ვერ რისკავთ, მაშინ საშინაო გართობით უნდა დაკმაყოფილდეთ. შეგიძლიათ სკამებისა და გადასაფარებლებისგან კარავი/ვიგვამი მოაწყოთ, შიგნით ბალიშები დააფინოთ, პატარა სანათი დაამონტაჟოთ და პატარასთან ერთად კარგად გაერთოთ. ეს ბავშვს ტელევიზორსა და კომპიუტერს მოწყვეტს, მყუდრო გარემო კი საკითხავად განაწყობს. შესთავაზეთ თემატური ლიტერატურა (ინდიელებზე, მოგზაურობაზე), დრო და დრო კი ნუგბარით მოამარაგეთ.
არსებობს სამაგიდო თამაშების დიდი არჩევანიც. სათამაშოების მაღაზიაში მათი დიდი ასორტიმენტია და ძვირიც არ ღირს (მაგალითად, \"მონოპოლიას\" 12-15 ლარად იყიდით). აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ პაზლები, გასაფერადებლები, კუბიკები, ლეგოს კონსტრუქტორები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, სულ მცირე, 2-3 დღეს მაინც შეავსებს და დასვენების დღეებს მრავალფეროვნებას შემატებს.
ზამთრის არდადეგები საუკეთესოა, თუ ბავშვს შემოქმედებითი ნიჭი აქვს: უყიდეთ საღებავები, ფერადი ფანქრები, სახატავი ფურცლები, თიხა, პლასტილინი, ასევე მოუგროვეთ არასაჭირო, გადასაყრელად გამზადებული ნივთები: ნაჭრის ნაკუწები, ღილები, რკინის პატარა დეტალები, პლასტმასის ნატეხები - დაე, საკუთარი ფანტაზიით ნებისმიერი რამ შექმნას, მაგალითად ნაძვის ხის სათამაშოები ან მცირე სუვენირები სტუმრებისთვის.
შინ პატარა კონცერტი ან სპექტაკლი დადგით. ამის გასაკეთებლად საუკეთესო დროა, როდესაც ახალი წელი უკვე ჩავლილია და გაუთავებელი სტუმრიანობით გადაღლილი და დამძიმებული ხართ. ფიზიკური და შემოქმედებითი აქტივობა ძალიან კარგად იმოქმედებს თქვენზეც, ბავშვზეც და თქვენს ურთიერობაზეც. წარმოდგენაზე მათი მეგობრები, ასევე მეზობლებისა და მეგობრების შვილები მოიწვიეთ - შვილებს საკუთარი დღესასწაული შეუქმენით, თვითშემოქმედების დემონსტრირების საშუალება მიეცით, ყოველი ნომრის შემდეგ კი მხურვალე აპლოდისმენტი არ დაგავიწყდეთ.
აგრესია სკოლაში
სასწავლო წლის დაწყებამდე მშობლებს უამრავი საზრუნავი აქვთ. მათი რიცხვი იმატებს თუ ბავშვი ზედმეტად მორცხვია, ახალ სკოლაში გადადის, სუსტი ჯანმრთელობა აქვს და სხვა. დიდი პრობლემაა, თუ აღმოჩნდება, რომ ბავშვს სკოლაში ჩაგრავენ, დასცინიან, უკიდურეს შემთხვევაში, ფიზიკურადაც ეხებიან, რაც, სამწუხაროდ იშვიათი შემთხვევა არ გახლავთ. მშობელს დიდი ყურადღება მართებს იმისთვის, რომ მოსწავლის აკადემიური მოსწრების გარდა სკოლაში სიარულის ეს მხარეც აკონტროლოს.
პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ იმ მიზეზების შესახებ, რომლებიც, როგორც წესი, ბავშვის ჩაგვრის მიზეზი ხდება:
განსაკუთრებულობა - შეიძლება ბავშვი თანაკლასელებზე ჭკვიანი და უკეთესად განვითარებული იყოს, რაც დანარჩენებში გაღიზიანებას იწვევდეს.
გარეგნობა - სათვალე, ჭორფლი, ზედმეტი წონა, გადმოწეული ყურები, წითური თმა, არათანამედროვე ჩაცმულობა და სხვა.
სუსტი ჯანმრთელობა - როგორც წესი, ასეთი ბავშვები მასწავლებლების მხრიდან განსაკუთრებული დამოკიდებულებით სარგებლობენ, რაც თანატოლებში გაღიზიანებას იწვევს.
ცუდი მოსწრება - ზოგჯერ კარგი მოსწავლეც შეიძლება ცუდი მეგობარი იყოს. ასეთ ბავშვებს არ უყვართ ოროსნები და ყველანაირად ცდილობენ მათ დაცინვას.
დაბალი თვითშეფასება - ბავშვი შეიძლება უბრალოდ ვერ აცნობერებდეს, რომ არც ცუდად სწავლობს და არც ცუდი გარეგნობა აქვს. როგორც წესი, გარკვეული კომპლექსები ბავშვს საკუთარ თავში კეტავს, რაც გარშემომყოფებს აღიზიანებს.
როგორ გავიგოთ, რომ ბავშვს ჩაგრავენ:
დაათვალიერეთ მისი სხეული, ტანსაცმელი და ჩანთა. თუ ნაკაწრები, ჩალურჯებები, დახეული პერანგი და გაფუჭებული წიგნები, ასევე სასკოლო ნივთებისა და ჯიბის ფულის დაკარგვა ხშირი შემთხვევაა, იცოდეთ, რომ ამას მიზეზი აქვს.
ბავშვს არ უნდა სკოლაში წასვლა, უმიზეზოდ იღუშება, ხდება აგრესიული, არ სურს მეცადინეობა, ცუდად ძინავს, კოშმარები ესიზმრება, აქვს ენურეზის შემთხვევები, მარტოობის შიში, ზედმეტად მიკრულია მშობელთან, არ სურს ეზოში სათამაშოდ ჩასვლა - ეს ყველაფერი ეჭვს უნდა იწვევდეს.
თუ დამტკიცდა, რომ თქვენი შვილი ჩაგვრის ობიექტია, პირველი პანიკის შემდეგ აუცილებლად დამშვიდდით და გარკვეული გეგმა შეიმუშავეთ. ჯერ მასწავლებლებსა და სხვა მშობლებს გაესაუბრეთ, გაიგეთ ყველა დეტალი, მაგალითად ის, თუ რას აკეთებენ ეს მშობლები შვილის დასაცავად. თუ მათი მეთოდი თქვენთვისაც მისაღებია, მაშინ აპრობირებული გზით იმოქმედეთ
აუცილებლად დაელაპარაკეთ ბავშვს, გაიგეთ მისგან ყველა დეტალი. ამით იმასაც აგრძნობინებთ, რომ მარტო არაა და რომ მისი დახმარების სურვილი გაქვთ, რაც თვითდაჯერებას შემატებს. თუ ბავშვი ძალიან განიცდის, დაამშვიდეთ და აუხსენით, რომ ის დამნაშავე არაა, რომ შექმნილი ვითარება მისი ფიზიკური სისუსტის ან სათვალის ბრალი არაა.
ზოგჯერ ბავშვებს არ სურთ, რომ მათი სასკოლო პრობლემების შესახებ უფროსებმა იცოდნენ და საკითხი მათ გადაჭრან, ამიტომ ნუ ეტყვით, რომ სკოლაში მიხვალთ, დირექტორს დაელაპარაკებით და მის უფლებებს დაიცავთ. ამის გაკეთება უჩუმრადაც შეგიძლიათ, რათა ბავშვის პატივმოყვარეობა არ შელახოთ. უბრალოდ, უთხარით, რომ მსგავსი რამ მეორედ აღარ განმეორდება და რომ მას აღარაფრის უნდა შეეშინდეს. ამაში კი მხოლოდ მას შემდეგ დარწმუნდება, რაც სკოლაში მისულს ჩვეული აგრესია არ დახვდება - ეს კი თქვენი დამსახურება იქნება.
ვიდრე პრობლემას გადაჭრით, ბავშვს ურჩიეთ, მარტო არ დარჩეს. თუ მის სკოლაში ახლობლის შვილი სწავლობს (ნათესავი, მეზობელი), სთხოვეთ ხშირად იტრიალოს მის გვერდით შესვენებისას, ბუფეტში ან სკოლის ეზოში ყოფნისას. შინ ალტერნატიული გზით დაბრუნდეს, რაც არასასურველი შეხვედრისგან დაიცავს. ეს აგრესორს ოდნავ მაინც მოადუნებს და იქნებ ჩაგვრის ობიექტიც მიავიწყოს.
დაარიგეთ, რომ არასდროს უპასუხოს აგრესიას აგრესიით. ასეთ ქცევას ვითარების გართულება შეუძლია, რამაც შეიძლება ორივე მხარე დააზიანოს. არ არის გამორიცხული, აგრესორს დასაკეცი დანა ჰქონდეს ან ქვა ესროლოს. ამის თავიდან არიდება კი მხოლოდ ნეიტრალური ქცევით შეიძლება. თანაც აგრესორებს უყვართ, როდესაც საკუთარი ძალის სხვაზე დემონსტრირებით ტკბებიან, მოსწონთ, როდესაც \"მსხვერპლი\" მათ დანახვაზე კანკალებს - გულგრილი და თავდაჯერებული დამოკიდებულება კი ამ აღმაფრენას დაუხშობს. დაე, ჩაგრულის ასეთმა ქცევამ აგრძნობინოს, რომ მას უკვე ჰყავს დამცველი ან თავად შეუძლია საკუთარი თავის დაცვა.
ამასობაში კი იმოქმედეთ: დაელაპარაკეთ სკოლის დირექტორს, მასწავლებლებს, აგრესორის მშობელსაც კი. როგორც წესი, აგრესორ ბავშვებს მშობლების მიმართ შიში და მორიდება მომძლავრებული აქვთ, ხოლო გარე აგრესიას მათთან ზედმეტი თავშეკავებულობის გამო უვითარდებათ. უკიდურეს შემთხვევაში მიმართეთ პოლიციას, უბნის ინსპექტორს, რომელიც ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს.
და რაც მთავარია, არასდროს გაუკეთოთ იგნორირება ბავშვის პრობლემებს, ნუ მოადუნებთ ყურადღებას, ნუ იფიქრებთ, რომ სკოლაში ჩაგვრა ჩვეულებრივი მოვლენაა და რომ ეს ასაკის მატებასთან ერთად გაივლის. შედეგად შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვი მიიღოთ, რაც მთელი ცხოვრების პრობლემად შეიძლება იქცეს.
როდესაც ბავშვი უხეშობს და აგრესიულია
ხშირია შემთხვევა, როდესაც გარკვეულ ასაკში ბავშვი უფროსების მიმართ უხეშობას, უპატივცემულობას, ზოგჯერ უზრდელობასაც იჩენს. მშობლის მიერ მიცემულ შენიშვნას ცუდი სიტყვებით, ხმაურიანი რეაქციით პასუხობს ზოგჯერ მშობელს ჰგონია, რომ საქმე ჩვეულებრივ, წარმავალ მოვლენასთან აქვს, რაც ნამდვილად არ გახლავთ სწორი, რადგან სპეციალისტების აზრით, ამგვარ გულგრილ დამოკიდებულებას ვითარების მხოლოდ გამწვავება და სამომავლოდ მეტი პრობლემის გამოწვევა შეუძლია.
პრობლემის აღმოსაფხვრელად, პირველ რიგში, მისი გამომწვევი მიზეზები უნდა გავარკვიოთ.
არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვი ღრუბელივით იწოვს ყველაფერს, რასაც გარშემო ხედავს, იმახსოვრებს მშობლებს შორის არსებული კონფლიქტის ტექსტსაც და ხასიათსაც. ამრიგად, თუ გინდათ, შვილი ზრდილობიანი გყავდეთ, პირველ რიგში, ოჯახური კონფლიქტი მოაგვარეთ. თუ მეუღლეებს შორის ჩხუბი გარდაუვალია, ეს აუცილებლად ბავშვისგან დაფარულად გააკეთეთ, მეტიც, ჩხუბის შემდეგ ეცადეთ, ბავშვი ვერც მიხვდეს, რომ თქვენს შორის დაძაბულობაა, რადგან ეს უკვე სულ სხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებს გამოიწვევს.
თუ ოჯახში სიმშვიდე გაქვთ, მაშინ სამეზობლოსა და შვილის სამეგობროს გადამოწმება მოგიწევთ. შეიძლება უხეშობას, უკმეხ შეპასუხებას ბავშვი სწორედ კარის მეზობლის სახლიდან გამოსული ჩხუბით სწავლობს ან მსგავს სცენებს მეგობრის ოჯახში აწყდება. ეს უკვე არაჯანსაღი გარემოა, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში ნამდვილი მონსტრი გეყოლებათ. ასევე გაარკვიეთ, ხომ არ აქვს პრობლემა სწავლასთან ან პირად ფრონტზე. როგორც წესი, მოზარდები რთულად იტანენ პირველ სიყვარულში იმედგაცრუებას, რაც ზოგჯერ აგრესიაში გადაიზრდება.
როგორ გადავაჩვიოთ უხეშ ლაპარაკს? უხეშობაზე არც ერთ შემთხვევაში არ უპასუხოთ იმავეთი ან უარესი - არავითარ შემთხვევაში არ ცემოთ ბავშვი! ასეთი პასუხი მას უარესად გააღიზიანებს და ვერც იმას შეაგნებინებს, რომ ცუდად იქცევა. ამიტომ ბავშვთა ფსიქოლოგები მხოლოდ ერთ გამოსავალს ხედავენ - მეგობრული დამოკიდებულება და სიმშვიდე საუკეთესო გამოსავალია.
თუ სიმშვიდის შენარჩუნება გიჭირთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ამ მომენტში თქვენს შვილს უფრო მეტად უჭირს, მის მიერ გამოვლენილი აგრესია თავადაც აწუხებს, ამიტომ გამოსავალს სწორედ თქვენს საპასუხო რეაქციაში ხედავს.
მოუსმინეთ. გაიგეთ, რის გამოა აგრესიული, რატომ გეუზრდელებათ. აჩვენეთ, რომ მის დასახმარებლად მზად ხართ, რომ გინდათ, კვლავ მშვიდი და კარგი ბავშვი იყოს. გარდა იმისა, რომ ამ საუბრებით აგრესიის მიზეზს გაიგებთ, მის ცხოვრებაში არსებულ სიახლეებსაც შეიტყობთ, რაც შემდგომში სიტუაციის კონტროლისთვის გამოგადგებათ. ნუ დაავიწყებთ, რომ მშობელი მისი ყველაზე ახლობელი და კეთილის მსურველი ადამიანია.
თუ ბავშვი თავისი პრობლემების დაკონკრეტებას არ აპირებს, მაშინ ზოგადი საუბრით შემოიფარგლეთ. ნუ ეცდებით, სულში ჩაუძვრეთ და ათქმევინოთ ის, რისი დავიწყებაც სურს. უბრალოდ უთხარით, რომ ასე მოქცევა კარგს არაფერს მისცემს, რომ პატივი უნდა სცეს არა მხოლოდ მშობლებს და სხვა ადამიანებს, არამედ საკუთარ თავსაც. სწორედ საკუთარი თავის პატივისცემისთვის ხაზგასმა გაძლევთ დამატებით ქულას, რადგან არავის (განსაკუთრებით მოზარდებს), არ სურს სხვის თვალში დამცირებულად გამოიყურებოდეს.
თუ შვილი გულს გადაგიშლით და თავისი აგრესიის მიზეზს გეტყვით, იმავე წამიდან მისი საიდუმლოს მცველად უნდა იქცეთ და არავითარ შემთხვევაში არ განიხილოთ ბებია-ბაბუებთან, მეზობლებთან და მულებთან. გახსოვდეთ, რომ შვილმა ყველაზე სათუთი რამ გაგიმხილათ, გენდოთ, გამოსავლის ძიებაში თქვენთან მოვიდა, მისთვის იმედის გაცრუება კი მხოლოდ უარეს შედეგს მოგცემთ. გარდა ამისა, ის თქვენს მიმართ დამოკიდებულებასაც შეიცვლის და უხეშობას დაივიწყებს, რადგან მისი საიდუმლო მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ, ამიტომ თქვენი სახით მხოლოდ მეგობრის ყოლა ენდომება.
რაც უნდა უსიამოვნო ისტორია მოისმინოთ, არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ მისი განსჯა. მხოლოდ და მხოლოდ გაგებით მოკიდება მოგცემთ საჭირო შედეგს. ყვირილი მხოლოდ უფრო აგრესიულ პასუხს მოგცემთ - ანუ ეს სწორედ ის შემთხვეაა, როდესაც შვილს საკუთარი თავის პატივისცემის მაგალითი უნდა მისცეთ. ასევე კარგი მეთოდია, თუ შვილს თქვენს ბავშვობისდროინდელ გამოცდილებას გაუზიარებთ. ამით გააგებინებთ, რომ მსგავსი პრობლემები ნებისმიერს შეიძლება ჰქონდეს, თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს, აგრესია კი ამ გამოსავალთან მხოლოდ დააშორებს.
ცხადია, ყველაზე მეტად თავის შეკავება უცხოების ან მისი მეგობრების თანდასწრებით გმართებთ. შვილთან ურთიერთობის გასარკვევად ოჯახური გარემო საუკეთესო ადგილია. ასევე კარგი იქნება, თუ მოზარდ შვილს ზოგჯერ თქვენც ჰკითხავთ რჩევას. დაე, ოდნავ მეტი პასუხისმგებლობა იგრძნოს, მიხვდეს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია, რომ ის უკვე ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, ამიტომ ჭიჭყინი და უაზრო აგრესია აღარ შეშვენის.
გარდატეხის ასაკი
ერთია, როდესაც შინ პატარა ბავშვი გვყავს, რომელიც ჩვენგან მაქსიმალურ ყურადღებას, გამუდმებულ მზრუნველობასა და ფიქრს მოითხოვს, მაგრამ მეორეა, როდესაც ეს ბავშვი იზრდება, მოზარდად ყალიბდება და სულ უფრო მეტ საზრუნავს გვიმატებს. ყველა დროის მოზარდს საკუთარი პრობლემები და სირთულეები აქვს. ასეა თანამედროვე მოზარდის ცხოვრებაშიც - ტელეეკრანიდან, ინტერნეტიდან, ქუჩიდან, სკოლიდან შესრუტული ინფორმაცია მის გონებაში სხვა და სხვა გვარად ილექება და ზოგჯერ ნეგატიურ შედეგამდეც მივყავართ. სწორედ ამიტომ, ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ჩვენი შვილების ამ მეტად საპასუხისმგებლო პერიოდში განსაკუთრებით ყურადღებით ვიყოთ, რათა აუცილებლობის შემთხვევაში სათანადო რეაგირება შევძლოთ.
იმის მიხვედრა, რომ ბავშვი მოზარდად იქცა, ადვილია: შედარებით გულჩათხრობილია, ხშირად ღიზიანდება, აგრესიულია, უმიზეზოდ ტირის, საკუთარ ოთახში იკეტება და ასე შემდეგ. ასეთ დროს მისდამი დიდი ყურადღება გმართებთ, რათა ზედმეტად არ გააღიზიანოთ, არ შეაწუხოთ კითხვებით, მით უმეტეს, აგრესიაზე აგრესიით არ უპასუხოთ. უნდა გახსოვდეთ, რომ მოზარდიც პიროვნებაა, რომელიც უფროსების სამყაროში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას იწყებს.
ამბოხი ნებისმიერი მოზარდისთვის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. აქვთ სურვილი ყველაფერზე საკუთარი აზრი იქონიონ და ის დაუფარავად გამოთქვან. უჩნდებათ ნონკონფორმიზმის დაუშრეტელი სურვილი, არ მოსწონთ საზოგადოების წყობა, წესები, არ მოსწონთ სხვების ჩაცმულობა, მუსიკალური გემოვნება, ამერიკული ფილმები, სახლში არსებული ავეჯი, არაფრით გამორჩეული მშობლები, მუდამ დამრიგებლური ტონის მქონე მასწავლებლები და ასე შემდეგ.
ასეთ დროს მშობელმა საღად უნდა შეაფასოს ვითარება. ბოლოს და ბოლოს განსხვავებულად მოაზროვნე და საკუთარი პოზიციების დამცველი ახალგაზრდა საკმაოდ სასიამოვნო მოსაუბრეც შეიძლება იყოს, მისგანაც შეიძლება რამის სწავლა. მშობლის მხრიდან მხარდაჭერა მოზარდს თვითდაჯერებას განუმტკიცებს, რაც ძალიან კარგია.
გარდატეხის ასაკის კიდევ ერთი დამახასიათებელია არასტაბილურობა და არაორგანიზებულობა. მოზარდი საკუთარ ოთახს აღარ ალაგებს, არ უფრთხილდება ნივთებს, ზოგჯერ პირად ჰიგიენასაც ივიწყებს. ხშირად იცვლის პრიორიტეტებს. მაგალითად თუ თვის დასაწყისში ცეკვის წრეზე მოისურვებს შესვლას, თვის ბოლოს ხატვის შესწავლა უნდება. არასტაბილური ხდება პირად ფრონტზეც. შეიძლება ყოველ კვირას ახალი შეყვარებული გაიჩინოს და სხვა. სპეციალისტები ამ მდგომარეობას დროებითად აფასებენ და გვამშვიდებენ, რომ ის ზედმეტი ჩარევის გარეშეც გაივლის.
თუ ატყობთ, რომ მოზარდს რაღაცის გაკეთების ფიზიკური ან გონებრივი შესაძლებლობა აქვს, ნუ შეზღუდავთ და ნუ აიძულებთ, მხოლოდ მისი ასაკისთვის შესაფერისი საქმიანობით დაკავდეს. მსგავსი წინააღმდეგობა მასში სიახლისკენ სწრაფვის სურვილს ჩაკლავს, რაც, შეიძლება, შეუქცევად პროცესად იქცეს.
გარდატეხის ასაკის პრობლემათა შორისაა სიმორცხვე და გაუბედავობა, რასაც საკუთარ თავში თავდაჯერების სიმცირე იწვევს. ასეთ ასაკში ადამიანს ფანტაზიის განსაკუთრებული შემოტევა აქვს, რასაც განხორციელებაც სჭირდება, ამიტომ ნუ შეზღუდავთ, თუ ის უჩუმრად მოთხობებს წერს, ხატავს, მღერის ან სამოყვარულო ფილმებს იღებს.
საქართველოში მშობლიური სახლის დატოვება დიდობაშიც იშვიათი შემთხვევაა, თუმცა მოზარდებს სახლიდან გაქცევა ძალიან უნდებათ. ასეთ დროს, მათთვის ყველაზე დიდი მტერი მშობელია, რომელიც ვერ უგებს, მის დამოუკიდებლობას პატივს არ სცემს. სახლიდან წასვლის მიზეზად შეიძლება ამავე დამოუკიდებლობის დამტკიცების სურვილიც იყოს, ამიტომ მოზარდის მშობელი გამუდმებით საქმის კურსში უნდა იყოს, აკონტროლოს შვილის ყოველი წამი და ნაბიჯი, მაგრამ არამც და არამც მისი შეწუხების, მისი მყუდროებისა და პირადი სივრცის დარღვევის ხარჯზე. მისი პატივისცემა თქვენი უმთავრესი მისიაა, პატივისცემას კი აუცილებლად მოჰყვება ადეკვატური პასუხი.
თანაცხოვრება ძიძასთან
თუ ძიძის შერჩევის რთული და ხანგრძლივი პროცესი უკვე დასრულებულია და თქვენი პატარა ყველაზე მისაღებ კანდიდატურას ჩააბარეთ, მასთან ურთიერთობის განსაზღვრის მორიგი ეტაპი იწყება. ეს ეტაპი ნებისმიერ შემთხვევაში დადგება, რადგან უცხო ადამიანს არა მხოლოდ ბავშვის აღზრდას ანდობთ, არამედ საკუთარ სახლში უშვებთ, სადაც ზოგჯერ თქვენი ოჯახური ცხოვრების სცენების მოწმე გახდება. უსიამოვნო სცენები ყველაზე მოყვარულ ოჯახშიც კი მოსალოდნელია. უსიამოვნება შეიძლება ბავშვის აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებითაც გაჩნდეს.
ამ უკანასკნელის თავიდან ასაცილებლად ძიძის საბოლოოდ დაქირავებამდე აუცილებლად გამოჰკითხეთ, თუ რა მეთოდით აპირებს ბავშვის აღზრდას, აქვს თუ არა შემუშავებული გარკვეული პროგრამა. ამ გზით საბოლოოდაც დარწმუნდებით, რომ კარგი კვალიფიკაცია აქვს. მას შემდეგ, რაც მის მეთოდოლოგიას გაეცნობით, მაგრამ გარკვეული პუნქტები არ მოგწონთ, შეგიძლიათ კორექტივები შეიტანოთ - მოაკლოთ ან დაამატოთ თქვენთვის მისაღები დეტალები და საბოლოოდ შეათანხმოთ. ეს მომავალში უსიამოვნებას აგაცილებთ.
ახალი ძიძის პირველი სამუშაო დღეები არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ თქვენთვისაც ერთგვარი სტრესის მომგვრელია. თავად განსაჯეთ - ყოველდღე თქვენს სახლში უცხო ადამიანი მოდის და თითქმის მთელი დღის განმავლობაში რჩება. სტრესი მით უფრო ძლიერია, თუ ძიძა პირველად აიყვანეთ და წარმოდგენა არ გაქვთ, რას უნდა ელოდოთ მისგან.
ცხადია, ყველაზე სრულყოფილი ინფორმაცია ძიძას ბავშვის შესახებ უნდა მიაწოდოთ: ყველა დეტალი მისი ჯანმრთელობის, ინტერესებისა თუ ნეგატიური ქცევების შესახებ. ძიძამ უნდა იცოდეს, სად უყვარს ბავშვს გართობა, მოსწონს თუ არა სხვა ბავშვებთან ურთიერთობა (თუ არ მოსწონს, სასურველია, თუ ამ დეტალის გამოსასწორებლად იზრუნებს). კარგია, თუ ძიძას ბავშვის განსაკუთრებული ნიჭის შესახებ მოუყვებით, რათა მის განვითარებაში დაეხმაროს, ხოლო ინტერესების თაობაზე ინფორმირებულობა ძიძასა და ბავშვს შორის დისტანციას შეამცირებს. მარტივი მაგალითი: თუ თქვენს პატარას განსაკუთრებულად უყვარს მიკი მაუსი, დაე, ძიძა ამის შესახებ გაესაუბროს, უთხრას, რომ ეს პერსონაჟი მასაც მოსწონს ანუ ამ გზით დაიმეგობროს და მისი ნდობა მოიპოვოს.
ძიძას ოჯახში არსებული წესებისა და წევრების ცხოვრების თავისებურებების შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდეთ (მაგალითად, თუ თქვენი მეუღლე ექიმია და ღამის მორიგეობის შემდეგ დღის ძილი ესაჭიროება). ძიძამ უნდა იცოდეს დიასახლისის ახირებების შესახებაც. ზოგ დიასახლისს არ უყვარს, როდესაც მის სამზარეულოში ვინმე ფუსფუსებს. თუ ამის შესახებ ძიძას ეტყვით, ის ყავის ან წყლის დალევის შემდგ ფინჯანს მხოლოდ ნიჟარაში ჩადებს და იქაურობას გაეცლება. ინფორმაციის მიწოდება ძიძას თქვენი ოჯახის წესებთან შეჩვევას გაუიოლებს, რაც, პირველ რიგში, თქვენთვისააა კომფორტის მომტანი. საქმე მისთვისაც გამარტივდება - როდესაც საფიქრელი არ ექნება, ჭიქა გარეცხოს თუ არა, რაც ბავშვისთვის მეტ დროსა და ენერგიას დაუტოვებს.
ბავშვთან მარტო დატოვებულ ძიძას თქვენთან და ოჯახის სხვა წევრებთან საკონტაქტო ყველა ინფორმაცია უნდა გააჩნდეს, ასევე იცნობდეს მათ, ვინც შესაძლოა გაუგეგმავად გესტუმროთ - მაგალითად, ბავშვის ბებია, ბაბუა, ბიძა ან უახლოესი მეგობარი. ასევე მიაწოდეთ ინფრომაცია არასასურველ სტუმრებზე, მაგალითად, კარის მეზობელზე, რომელიც მხოლოდ საჭორაოდ შემოვა და ძიძას მოაცდენს.
როგორც გამოცდილება ამტკიცებს, არ არის აუცილებელი, რომ ძიძამ თავი ოჯახის წევრად იგრძნოს, რადგან ეს შენიშვნის მიცემას გაგირთულებთ. მასთან ნურც პირად თემებზე ისაუბრებთ, ნუ მოუთხრობთ ოჯახის საიდუმლოებებს, ფინანსური მდგომარეობის შესახებ. როგორც წესი, ძიძის ოჯახში ძალიან ღრმად შემოჭრა უამრავ პრობლემას აჩენს, ზოგს კი ავიწყებს კიდეც, რომ თქვენ მისი დამქირავებელი ხართ და არა უახლოესი მეგობარი, ის კი თქვენი დედამთილი არაა.
მორთეთ ნაძვის ხე ბავშვებთან ერთად
მალე ახალი წელი მოვა, რამდენიმე დღეში კი საოჯახო ნაძვის ხის გაწყობა მოგიწევთ, რომელიც თქვენს სახლში თითქმის ერთი თვის განმავლობაში დაიდებს ბინას. ვინაიდან სახალწლო ნაძვის ხე სახლის ყველაზე გამორჩეულ და ადვილად შესამჩნევ ადგილას იდგმება, მას ყველა თქვენი სტუმარი ნახავს, ამიტომ ნებისმიერი დი
ასახლისი ცდილობს, მისი ნაძვის ხე ყველაზე დიდი, ლამაზი, ფერადი და ბრწყინვალე იყოს. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნაძვის ხე და მასთან არსებული დღესასწაული ყველაზე მეტად პატარებს უხარიათ, ამიტომ, კარგი იქნება, თუ ამ სადღესასწაულო აქსესუარის მორთვისას მათ გემოვნებასაც გაითვალისწინებთ.
ყველაზე უკეთესია, თუ ნაძვის ხეს ერთად მორთავთ, თუმცა მისთვის სათამაშოების დამზადების პროცესი გაცილებით საინტერესოა, რადგან ამ დროს არა მარტო შვილებთან დამატებითი კომუნიკაცისა და გართობის საშუალება გეძლევათ, არამედ მათი ფანტაზიის გავარჯიშება-გამოვლენის პროცესსაც მიადევნებთ თვალს. როგორც ცნობილია, ბავშვებს განსაკუთრებული ფანტაზია აქვთ, ამიტომ ენდეთ მათ სურვილებს და გარწმუნებთ, ყველაზე ორიგინალური ნაძვის ხე სწორედ თქვენ გექნებათ.
ნაძვის ხის მოსართავად ნებისმიერი მასალისა და ფორმის მსუბუქი და მცირე ზომის ნივთი გამოდგება, მთავარია, ის კარგად გააფორმოთ, მისცეთ სახე, ელვარება და ტოტზე ჩამოსაკიდი ძაფიც არ დაგავიწყდეთ. გარდა ამისა, მიწისქვეშა გადასასვლელებში, ასევე სავაჭრო ცენტრებში ბევრგან შეხვდებით ხელსაქმის მაღაზიებს. აქ უამრავი ფორმის, ზომისა და ფერის ღილებს, ბაფთებს, ელვარე ფირფიტებს, ლენტებს, მარმაშებსა და სხვა აქსესუარს ჰყიდიან. ნაძვის ხის სათამაშოს გასაკეთებლად ყველაფერი გამოდგება - ჩვეულებრივი, უსახური ღილიც კი, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში თოვლის ბაბუას თვალად ან ირმის ცხვირად იქცევა.
***
ვერცხლის წვიმების ალტერნატივად ფოლგის ბურთულებისგან აწყობილ მძივს გთავაზობთ. ჩვეულებრივი ფოლგა 20-25 სმ. ზომის კვადრატებად დაჭერით, ბავშვმა კი ისინი პატარა ბურთულებად აქციოს, ხელისგულებში მოიქციოს და ისე დააგორგოლავოს. შემდეგ ბურთულები ძაფზე აასხით და ვერცხლის მძივიც მზადაა.
თუ ხელსაქმის მაღაზიაში ფერად მძივებს (ე.წ. ბისერები) იყიდით, აუცილებლად მოაყოლეთ ადვილად დრეკადი მავთულიც. მავთული 10-15 სანტიმეტრიან ნაჭრებად დაჭერით და ბოლო მოუღუნეთ, შემდეგ კი პატარას მასზე მძივების ასხმა სთხოვეთ. როდესაც ბავშვი საქმეს დაასრულებს, მავთულს სპირალის, რგოლის, ყვავილის, ფიფქის, ვარსკვლავისა და სხვა ფორმები მიეცით, თოკი ან მავთულისვე მარყუჟი გაუკეთეთ და ნაძვზე ჩამოკიდეთ.
მძივისთვის კიდევ ერთ საინტერესო იდეას შემოგთავაზებთ: ყველა დიასახლისმა იცის, რომ მაკარონს უამრავი ფორმა აქვს, ზოგი კი ძალიან ლამაზი და ორიგინალურია. გარდა ამისა, მაკარონი კარგად იტანს შეღებვას